2021 წლის 25 - 27 თებერვალს ევროკავშირის Erasmus +ის პროექტის DITECH-ის პირველი საერთაშორისო სასტარტო შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმაზე გაიმართა (DITECH = Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs// ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში). შეხვედრაში მონაწილეობდენ საქართველოს და ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტები: ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი) – პროექტის კოორდინატორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა), კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია).
შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის კოორდინატორების ტალინის უნივერსიტეტის პროფესორის სირიე ვირკუსისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ იზაბელა პეტრიაშვილის მიერ.
შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ტალინის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფ. ანდრეს იოსაარი ), რომელმაც ისაუბრა ციფრული ტექნოლოგიების ერაში ელექტრონული სწავლების მნიშვნელობასა და როლზე, გასაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში არსებული პანდემიის ვითარებაში.
კონსორციუმის მონაწილეებს მიესალმნენ და პროექტის ღირებულებებზე ისაუბრეს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. გიორგი შერვაშიძემ, საქართველოს Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ლიკა ღლონტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ზურაბ ხონელიძემ, ესტონეთის Erasmus+ ეროვნული ოფისის ხელმძღვანელმა სილვია ვიილუპმა, ციფრული ტექნოლოგიების სკოლის დირექტორმა პეტერ ნორმაკმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.
DITECH -ის კოორდინატორებმა შეხვედრის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნეს პროექტის მიზნები, ამოცანები, ევროკავშირის მხრიდან შემფასებელთა კომენტარები, პირველადი გეგმები და საქართველოს უნივერსიტეტების პირველი ეროვნული შეხვედრის შედეგები. პროექტის დღის წესრიგის მიხედვით, უნივერსიტეტებისა და ინსტიტუციების კოორდინატორებმა კონსორციუმზე წარადგინეს საკუთარი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მათი გეგმები DITECH -ის განხორციელების პროცესში.
სამი დღის მანძილზე ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები, შემუშავდა ინფორმაციისა და ცოდნის მენეჯმენტის, ხარისხის მენეჯმენტის, რისკების მართვის, დისემინაციის მენეჯმენტის და IT ჯგუფის გეგმები. მონაწილე უნივერსიტეტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტალინის, კაუნასისა და კორკის უნივერსიტეტების ელექტრონული სწავლების პლატფორმებისა და ციფრული ტექნლოგიების განვითარების გამოცდილების დეტალური გაზიარება, ევროკავშირის პროექტებში ფინანსური მენეჯმენტის ცვლილებებებისა და სიახლეების პრეზენტაცია, DITECH-ის ვებ-საიტის მიზნების, დიზაინის, სტრუქტურისა და რესურსების გაცნობა.
სამუშაო ჯგუფებში განხილული და საერთო შეხვედრაზე შეჯერებული იქნა პროექტის განხორციელების უახლოესი გეგმები და ამოცანები, პარტნიორებს შორის გადანაწილდა სამუშაო, გაიწერა გრაფიკი და დაზუსტდა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შედეგების წარმოდგენის ვადები. სამი სამუშაო დღე ონლაინ რეჟიმში, გარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეებისა, საერთაშორისო აკადემიური ურთიერთობებისთვის ახალი იმედებისა და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.